ლომოს შესახებ პირველად „რავესნიკიდან“ გავიგე, ჯერ არ ვიცოდი, ფოტოგრაფი თუ გავხდებოდი, ეს ჟურნალი მსოფლიო თინეიჯერების სამყაროში მომხდარი მოვლენების ამსახველი ერთადერთი წყარო იყო ნავთქურებისა და უშუქობის ეპოქაში. Ленингpадское Оптико-Механическое Объединение, ასე იშიფრება ეს აბრევიატურა. გარყვნილი ამერიკის დასაწევად და გასასწრებად შეიქმნა პირველი საბჭოთა ავტომატური კამერა, ლომო კომპაქტი ЛК-А. უფრო ზუსტად, იაპონური ანალოგიდან დაკოპირდა. კომუნიზმს ვინც ვერ მოესწრო, შევახსენებ, რომ საბჭოთა კავშირში ხეირიანს ვერაფერს უშვებდნენ. არც ლომო იყო გამონაკლისი, ლინზები არ ვარგოდა, ფერები ზედმეტად მჭახე იყო, ფორმები მახინჯი, კუთხეები ბნელი და ასე შემდეგ. ქარხანა სულს ღაფავდა.. რომ არა ერთი შემთხვევა... კი არადა, კურიოზი.

1991 წლის გაზაფხულზე ვენის ხელოვნების სკოლის სტუდენტებმა საკომისიოში თორმეტ დოლარად ორი ძველი კამერა შეიძინეს. ვადაგასული ფირით და ბრმად, გასართობად, უამრავი კადრი გადაიღეს, თან „ბუდვაიზერს“ წრუპავდნენ.. მიღებული ფოტოებით აღფრთოვანებულები დარჩნენ, ინტენსიური, კონტრასტული ფერები და გეომეტრიული სიმრუდეები თავისებურ, ახლებურ ემოციას ასხივებდა, ქმნიდა ერთგვარ მიმდინარეობას, რომელსაც მატიას ფიგელმა და ვოლფგანგ შტრანცინგერმა შემდგომში ლომოგრაფია უწოდეს.
მალე მათ ლომოგრაფიული საზოგადოებაც ჩამოაყალიბეს, (DIE LOMOGRAPHISCHE GESSELSCHAFT) რომლის თანათავმჯდომარეებიც მათიასი და ვოლფგანგი გახდნენ. პირველივე გამოფენამ სერიოზული წარმატება მოიტანა. იაფად შეძენილ ლომოებს საზოგადოების წევრები 100$–ად ყიდულობდნენ, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში კამერების მთელი მარაგი არ ამოიწურა.
ამიტომ, ლომოგრაფებმა ლენინგრადში, უშუალოდ კამერის მწარმოებელს მიმართეს. 1994 წელს, წარმოება უკვე დახურვის პირას იყო, სამამულო ფოტოაპარატები ვერ საღდებოდა. ავსტრიის პარლამენტის და თვით ვლადიმერ პუტინის ხელშეწყობით, ლომოგრაფიული საზოგადოება მსოფლიოში ლომო კომპაქტის ექსკლუზიური მომწოდებელი გახდა, ხოლო წარმოება – მომგებიანი.
არსებობს ათი მცნება, სადაც ასახულია თავისუფლების ის იდეოლოგია, რომელსაც ჭეშმარიტი ლომოგრაფებიმისდევენ.
1. ყოველთვის თან იქონიე კამერა, იყავი მზად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერა და მაგარი ფოტო უკვე შენია!
2. დაგაიღე მუდამ, დღისით და ღამით. ლომოგრაფი იღებს მანამ, სანამ კადრები არ გაუთავდება! არაა საჭირო ბევრი ფიქრი და ექსპოზიციის შედგენა.
3. ლომოგრაფია ცხოვრების ნაწილია და არა მასში ჩარევა.
4. რაც შეიძლება ახლოს მიდი გადასაღებ ობიექტთან, დაივიწყე შიში, იყავი თავხედი – შენ ხომ ლომო გაქვს!
5. ნუ ფიქრობ! ლომოთი გადაღება ხომ ძალიან იოლია, არაფრის გასწორება არ გჭირდება!
6. იმოქმედე სწრაფად!
7. არაა საჭირო წინასწარ იცოდე, რა აღიბეჭდა კამერაზე. მთელი მარილი ამაშია.
8. არც მერეა საჭირო ამის ცოდნა. ეს პუნქტი ვერ გავიგე ცოტა არ იყოს
9. გადაიღე ბრმად
10. დაივიწყე წესები!
ლომოგრაფია დღეისათვის უამრავი ადამიანის ცხოვრების სტილია. არსებობს მრავალი ფორუმი და გაერთიანება სოციალურ ქსელში, სადაც ფოტოები განიხილება და აპარატის შეძენაც უპრობლემოდაა შესაძლებელი. ლომოგრაფიის საზოგადოება მძლავრი ორგანიზაციაა და 75 წარმომადგენლობა აქვს სხვადასხვა ქვეყანაში. აბრევიატურას „ლომო“ ავსტრიელებმა პოეტური განმარტება მოუძებნეს – „love and motion“ (სიყვარული და მოძრაობა), რაც ამავდროულად საზოგადოების დევიზიცაა.
მე არასდროს მქონია ფირის აპარატი და ფოტოგრაფიაც ციფრულით ვისწავლე. თუმცა ხანდახან, როცა ქსელში ლომო კადრებს წავაწყდები, ბავშვობაში წაკითხული „რავესნიკის“ სტატია მახსენდება ხოლმე და ჩუმად ველოლიავები იდეას – ლომო ვიყიდო და თავისუფლება მჭახე ფერებში შევიგრძნო.